„მცდარბეჭდილმძებნი“, როგორც სახელიდან ჩანს, ტექსტში მცდარი ბეჭდილების („ტაიპოების“) აღმოსაჩენი მორფოლოგიური ანალიზატორია.
ის წითლად გახაზავს შეცდომით დაწერილ სიტყვებს, რომლებზე დაწკაპუნებისასაც გამოდის ჩასანაცვლებელი ფორმების სია.
თუ ისეთ სიტყვას წააწყდით, რომელიც, თქვენი აზრით, სწორია, მაგრამ ანალიზატორმა წითლად გახაზა, შეგიძლიათ „დამატებას“ დააჭიროთ და ანალიზატორის ლექსიკური მარაგის შევსებაში დაგვეხმაროთ.
მორფოლოგიური ანალიზატორი ქართული ენის ჩვენ მიერ შექმნილ კომპიუტერულ მოდელს იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მოდელი 115 242 არაზმნურ და 18 791 ზმნურ ლემას შეიცავს და პარადიგმებით მათგან ნაწარმოები სიტყვების საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულ მილიონს აღწევს, ის ჯერ კიდევ იხვეწება და მუდმივ განახლებას საჭიროებს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ისეთ სიტყვას წააწყდით, რომელიც უნდა გაწითლებულიყო და არ გაწითლდა, ანდა ისეთს, რომელიც არასწორადაა მიჩნეული მცდარ ფორმად.
შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად შევიტანთ შესწორებას მოდელში. ამაში თქვენი დახმარების იმედიც გვაქვს.
„მცდარბეჭდილმძებნი“ ქართული ენის მოყვარულმა ენთუზიასტებმა შევქმენით, რომლებიც ჩვენს ჯგუფს „მცდარბეჭდილის საძმოს“ ვუწოდებთ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ გვეწვიოთ ფეისბუქის ჯგუფში („მცდარბეჭდილის საძმო“) ან მოგვწეროთ ელფოსტაზე: info@spellchecker.ge
ჩვენი მიზანი ქართული ენის სრულყოფილი ანალიზატორის შექმნაა, რისი მიღწევაც მხოლოდ მორფოლოგიური ანალიზატორით შეუძლებელია.
მასთან ერთად სემანტიკური და სინტაქსური ანალიზატორებია საჭირო, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ.
ასევე გვსურს ჩასანაცვლებელი სიის გაუმჯობესება და სხვა ფუნქციონალის შექმნაც, რომელსაც დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად დავამატებთ „მცდარბეჭდილმძებნის“ ძრავას.
მომხმარებელი
არაზმნური ლემა
ზმნური ლემა